შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილში", მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.