2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორის შუამდგომლობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გასცა განჩინება, რის საფუძველზეც, 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ქისტაურში, მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დ.ხ.-ს შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დ.ხ. და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. ამოღებულია ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.
ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დ.ხ.-ს რძლის - თ.შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ დასტურდება.