შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა და თავისი საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, სამინისტროს გენდერული აუდიტის ანგარიშს ასაჯაროებს. ანგარიში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარებით გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია მიზნად ისახავს, აღწეროს, თუ რამდენად ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანური რესურსების მართვის პროცესში გენდერულ ასპექტებს და როგორ შეიძლება ამ მიდგომის გაუმჯობესება იმისათვის, რომ სამინისტროს პოლიტიკა, მომსახურება და საქმიანობა შეესაბამებოდეს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ქვეყნის საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებს.
გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია (2006 წ.) და კანონები: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (2006 წ.) და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ“ (2006 წ.), „გენდერული თანასწორობის შესახებ“ (2010 წ.) და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (2014 წ.). აღნიშნული კანონების განსახორციელებლად ქვეყანაში შემუშავებულია ეროვნული სამოქმედო გეგმები. კერძოდ, საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონიძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ შემსრულებელ ინსტიტუციად გვევლინება.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი რიგი ინიციატივები განახორციელა გენდერულ საკითხებზე მიმართული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც, შესაბამისად, წინ გადადგმული ნაბიჯია.
აუდიტის ჯგუფმა პოზიტიურად შეაფასა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის მუშაობა, რომელიც წარმოადგენს დიალოგისა და ანგარიშგების პლატფორმას სამოქალაქო საზოგადოებასთან.
აუდიტისას გამოვლინდა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართლებრივი ბაზის დახვეწის საკითხებში.
ოჯახში ძალადობის თემაზე საპატრულო პოლიციის და ტერიტორიული საუბნო სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია.
აუდიტის ჩატარების პერიოდში (2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი), სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში ქალები, როგორც შტატიანი, ისე შტატგარეშე თანამშრომლები, საერთო ჯამში 14%-ს შეადგენდნენ (რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1,5%-ით გაზრდილია).
ყველაზე მეტი ქალი მუშაობს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-ში (87%), საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (65%), კადრების მთავარ სამმართველოში (60%), საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში (56%), სსიპ-საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში (58%).
2014-2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწერილია სამინისტროს ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა წარმომადგენლობისა და როლის გაზრდას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროში 2013 წელს პირველად აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი, რაც ტრადიციად დამკვიდრდა.
თბილისში უკვე სამი წელია იმართება პოლიციელ ქალთა რეგიონული კონფერენცია აშშ-ის საელჩოს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) მხარდაჭერით. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების შსს-ს ოფიცერი ქალები. ამ კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება ეთმობა ქალების მმართველ პოზიციაზე დასაქმების, მენტორული უნარ-ჩვევების, წარმატების სტრატეგიის და სხვა საკითხებს.
სამინისტროს მიერ განხორციელებული აღნიშნული პროაქტიული ღონისძიებები აუდიტმა პოზიტიურად შეაფასა და შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინა.