შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დააკავა. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე).