გვსურს ვუპასუხოთ ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით გავრცელებულ, რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას საზღვრის კვეთის პროცესში ფოტოგადაღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა.
საზღვრის კვეთის დროს ფოტოსურათის გადაღება, რომელიც პერსონალური მონაცემების შეგროვების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, სტანდარტულად ხორციელდებოდა ყველა პირის მიმართ, რომელიც კვეთდა სახელმწიფო საზღვარს, ამასთან განსაზღვრული არ იყო ფოტოგადაღების მიზანი და მონაცემთა შენახვის ვადა. ამასთანავე, ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ხორციელდება მუდმივი ვიდეომონიტორინგი, ხოლო საპასპორტო კონტროლისას გამოიყენება პირის იდენტიფიცირების სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებზე (მათ შორის ფოტოსურათზე) წვდომა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა არსებული პრაქტიკა: კანონმდებლობით განისაზღვრა მონაცემთა შენახვის ვადა და ის შემთხვევები, როცა პირის იდენტიფიკაციის მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა მოქმედების განხორციელება, მათ შორის ფოტოგადაღება და სხვა სახის ბიომეტრული მონაცემების დამუშავება.
ფოტოგადაღების უკვე დღეს მოქმედი სტანდარტი, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ითვალისწინებს ფოტოგადაღებას, სრულად შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პროპორციულობასა და ადეკვატურობას და არ აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესს.
აღნიშნული ცვლილებების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტთან და პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები წარმატებით შეასრულა.