2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან შემოვიდა მასალები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერიდან 2015 წლის 1 იანვრამდე თამარ ფხოველიშვილი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მუშაობდა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და განკარგავდა კომპანიის თანხებს, მასვე ჰქონდა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე სრული წვდომა.
2013 წლის დასაწყისში თამარ ფხოველიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს - ზურაბ ნუცუბიძეს, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. ისინი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად, მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან უკანონოდ გადაირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები.
თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან ზემომითითებულ, მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში - 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2013-2014 წლების პერიოდში თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით შეიძინეს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა და ბინა, რომელიც გამოძიებამ დააყადაღა.
2015 წლის 13 თებერვალს ზურაბ ნუცუბიძე დააკავეს, 2015 წლის 15 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება, ხოლო თამარ ფხოველიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიების მიერ მიღებულია ყველა შესაძლო ზომა თამარ ფხოველიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, ასევე, გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.
სქემა