შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა შემოსულ შეტყობინებაზე პოლიციამ მიიღო შესაბამისი ზომები და არცერთი ფაქტი არ დარჩა რეაგირების გარეშე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
სამინისტრო მოუწოდებს ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ პოლიციას, სამართალდამცველები დაუყოვნებლივ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.
ასევე მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.