შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები – საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, ექსპერტი კახა კახიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ხელმძღვანელი ეკა გიგაური, გაზეთ „რეზონანსი“-ს მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მოწვეულ იქნა მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე.
კომისიის სხდომაზე მოისმინეს სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში. კომისიამ მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:
1. კომისიის მომდევნო სხდომა 31 იანვარს, 17:00 საათზე გაიმართება;
2. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნეს დასამტკიცებლად პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
3. სამუშაო ჯგუფს დაევალა, კომისიის მომდევნო სხდომაზე დაზუსტებული სახით წარმოადგინოს იმ აუდიო/ვიდეო/ფოტო მასალისა და დოკუმენტაციის შემცველი ინფორმაცია/მონაცემები, რომელიც უნდა გადაეგზავნოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით ან დაექვემდებაროს განადგურებას;
4. სამუშაო ჯგუფმა დასამტკიცებლად წარმოადგინოს კომისიის წევრებთან შეთანხმებული კომისიის საქმიანობის საბოლოო ანგარიში.