ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.
„ამ დროისთვის, 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ, სამწუხაროდ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მოგეხსენებათ რომ, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, აქედან გამომდინარე ვცდილობთ , რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. ტექნიკა ეტაპობრივად შესულია, ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე - მაშველი, რათა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს სამუშაოებს, ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში, არ მოხდეს დაზიანება, გარდა ამისა, მდინარეს კალაპოტის ორივე მხრიდან, მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ძებნა-შველის მიმდინარეობის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ. დილიდან, დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების გამოყვანა ეპიცენტრიდან, რომლებიც გუშინ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში, დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი. ყველგან აბსოლუტურად შესულები ვართ , გარდა რამდენიმე რთული ლოკაციისა.“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.