შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ საბრძოლო მასალა “F-1”-ის ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა.
პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, "F-1"-ის ტიპის მსგავსი, "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული.
საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით გრძელდება.