შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი. პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე სხდომის პარალელურად, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.