შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.
დღეს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა.
დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.