მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს - 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია "112"-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.
21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 16908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.
მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ "112"-თან დაკავშირებას.
გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია.