შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, "112"-ზე ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ადგილზე მობილიზება მოხდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გრძელდება სამაშველო ღონისძიებები.