შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 დეკემბერს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებას და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას.
გურჯაანში, ბრალდებული დავით კირკიტაძის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია დააანონსა.
შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორე მხრივ - აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება. საპროტესტო მსვლელობის და აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.