მიმდინარე წლის 20 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მოქალაქე მ.ჭ., მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების საფუძველზე, 2018 წლის 6 აპრილამდე, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის - მ.ჭ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. 2018 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის მოხსნის თაობაზე.
იმ დროს, როდესაც მ.ჭ. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რაც მ.ჭ.-მ შენიშნა. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და საპატრულო პოლიციას აცნობა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მ.ჭ. დაბარებულ იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, რათა გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერ საფუძველს - სასამართლოს განჩინებას და ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიების დასრულების თაობაზე.