2018 წლის 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის (მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერების) პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები მოძრაობდნენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც შენიშნეს „ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით DBT- 834, რომელსაც მართავდა მოქალაქე ა.ლ., დაბადებული 1957 წელს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით, აღნიშნულ მოქალაქეს მოსთხოვეს მანქანის გაჩერება. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ შემოწმებაზე უარი განაცხადა, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა თანხმობა შემოწმებაზე. ვინაიდან გადამოწმების შედეგად მოქალაქე ა.ლ.-ს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დატოვა ტერიტორია და განაგრძო პატრულირება სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქე ა.ლ. კი დარჩა თავის საცხოვრებელ სახლთან.
დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ, საპატრულო პოლიციას დახმარების თხოვნით მიმართეს მოქალაქეებმა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პატრულ-ინსპექტორებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოქალაქე ა.ლ. გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა.
საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. გამოძიების დასრულებამდე, პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება.