შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 19 თანამშრომელს, სამთო მომზადების ზამთრის მე-2 საბაზისო კურსის წარმატებით გავლისთვის, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყაყიჩაშვილი, დირექტორის მოადგილე ოთარ ჩაჩუა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამთო მომზადების ზამთრის მე-2 საბაზისო კურსი სვანეთში ჩატარდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ტრენინგის მონაწილეებმა ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის აღმოჩენა, საძებარი ხელსაწყოების შესწავლა და გამოყენება, უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურით გადაადგილება, დაშავებულის ევაკუაციისათვის სპეციალური საკაცის გამოყენება, დაშავებულის ევაკუაცია, თოვლში ღამის თევა და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები შეისწავლეს.
სასწავლო კურსის მიზანი არის სამთო კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და „Ski patrol”-ის მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება.