შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იუბილესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული შენობის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა მისალოცი სიტყვით გახსნა. ღონისძიებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, თავმჯდომარის მოადგილეები და დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 128-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. წვევამდელებმა სამხედრო ფიცის მიღებამდე 10-დღიანი მომზადება გაიარეს, ფიცის დადების შემდეგ კი ჯარისკაცები შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში ჩაირიცხებიან და ერთწლიან სავალდებულო სამსახურს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.
გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს დაცვის პოლიციის იუბილე მიულოცა, დაცვის პოლიციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა პროფესიონალიზმით გამორჩეულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები პირადად გადასცა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.