შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ბაძაღუა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
წიგნის ავტორები არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა, შსს-ს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი დავით მუზაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს განყოფილების უფროსი ქეთევან გიორგიშვილი.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა წიგნის რედაქტორი და თანაავტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, რომელმაც საპოლიციო სამართლის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის მიღებამ, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა, შესაძლებელი გახადა თანამედროვე ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ინსტიტუტების ქართულ საპოლიციო სამართალში დანერგვა. სწორედ საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ ქმნის პოლიციური ღონისძიების ლეგიტიმაციის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს. ლევან იზორიას თქმით, წიგნის მიზანია საპოლიციო სამართლის, როგორც სასწავლო დისციპლინის ჩამოყალიბება, შესაბამისად, კვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა.
„პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ, „საპოლიციო სამართალი“ წარმოადგენს პირველ სახელმძღვანელოს, რომელიც კანონის განმარტებას და პოლიციელთათვის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. წიგნში კანონის დებულებები განმარტებულია პრაქტიკული მაგალითების, ილუსტრაციებისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენებით. სახელმძღვანელოში პოლიციელის მხრიდან სამართალდარღვევაზე რეაგირების ფორმები პრევენციული ღონისძიებებისაგან მკაფიოდ არის გამიჯნული. გარდა პრევენციული ღონისძიებების განმარტებებისა, წიგნში ასევე აღწერილია იძულების ღონისძიებების მეთოდები, სპეციალური საპოლიციო საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენების ტექნიკა.
წიგნი „საპოლიციო სამართალი“ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ დანაყოფს, რომელიც თავისი პრაქტიკული საქმიანობის დროს იყენებს „პოლიციის შესახებ“ კანონს, ასევე, გამოყენებული იქნება სახელმძღვანელოს სახით შსს-ს აკადემიაში, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.