შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ხვადაგიანმა მოაწერეს ხელი.
შსს-ს აკადემიასა და საბჭოთა წარსულის საკითხების კვლევის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს შორის სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, საარქივო საქმის განვითარებაში, არქივების გახსნილობის და მოდერნიზაციის საქმეში თანამშრომლობას გულისხმობს. ამას გარდა, შსს-ს არქივში დაცულ მასალებზე დაყრდნობით, გამოიცემა ინტეგრირებული კვლევები, დაიბეჭდება პუბლიკაციები, გაიმართება თემატური შეხვედრები.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მომავალში სხვადასხვა ერთობლივი, სამეცნიერო, კვლევითი და კულტურული პროექტი განხორციელდება.