დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავების მიზნით, საქართველოს ვიზიტით ბრიტანელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკი ეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ექსპერტთან, რომელსაც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის დროს განიხილეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობები, პროცედურები და საკანონმდებლო ბაზა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს მერდოკი დროებითი მოთავსების იზოლატორებს მოინახულებს და ადგილზე შეისწავლის არსებულ ვითარებას, გაეცნობა და გააანალიზებს საკანონმდებლო ბაზას, რის შედეგადაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოფს პროცედურების დოკუმენტის შემუშავებას. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე, შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“.
პროექტის მიზანია დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სათანადო პირობების შექმნით, დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალისათვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით.