შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.გ., 1981 წელს დაბადებული გ.შ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი - 1983 წელს დაბადებული ო.ი., დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მოიპოვეს იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ხსენებული პირი - 1980 წელს დაბადებული ი. გ. იყო. ასევე, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ი.გ.-სგან ნარკოტიკს გ.შ. ყიდულობდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გაასაღა. მასთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ დაკავებულები - გ.შ. და ო.ი.
პოლიციამ, ი. გ.-ს პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსის“ 16 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა „სუბუტექსის“ 5 აბი და ნარკოტიკული საშუალება მეტადონის მარილის შემცველი 19 კაფსულა.
ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ო.ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ბუპრენორფინის შემცველი 1 აბი და 4 ნატეხი ამოიღეს, რომელიც ი. გ.-მ მას დაკავებამდე გადასცა.
სამართალდამცველებმა, გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 153 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომლებიც მას ი.გ.-მ დაკავებამდე გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ი.გ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გ. შ.-ს მიმართ კი გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ო. ი.-ის მიმართ კი გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.