შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.