შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, “ტტ”-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული ვ.ნ. და ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს.
თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.