შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების - მსხვილი ნარკორეალიზატორების დაკავება.
თბილისის, ქვემო ქართლის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები განახორციელეს, რომელთა შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს.
კერძოდ, თბილისში - ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულია ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
პოლიციამ, ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი - დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გრძელდება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 262-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.
2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს.