შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ხაშურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ტაბატაძის ქუჩის მიმდებარედ, 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.რ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.