შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ტოტალიზატორში თავს დაესხნენ ამავე ტოტალიზატორის მოლარეს - 1994 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. თავდამსხმელებმა მოლარეს დანის მუქარით გააღებინეს სეიფი და გაიტაცეს თანხა, ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე მოახდინეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.
პოლიციამ გ.კ. და ჯ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.