შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ყ.-მ, თანმხლებ პირთან - გ.ჭ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 1988 წელს დაბადებული ლ.ყ. თბილისში, ხოლო 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.