შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ვლადიმერ ბორცვაძის და საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშეს ბრუნო ბალდუკის ბრიფინგი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.
ქართველ სამართალდამცველებს მუდმივი კავშირი აქვთ ევროპელ კოლეგებთან ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით.
ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების აქტიური ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა მასშტაბური სპეც.ოპერაცია სახელად „VORS 69-01“ - დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - „კანონიერი ქურდი“.
სპეც.ოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: ქართველი „კანონიერი ქურდები“ - 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია; ასევე, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - 1983 წელს დაბადებული ო.თ., 1983 წელს დაბადებული ს.ჩ., 1984 წელს დაბადებული რ.ნ.; 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1974 წელს დაბადებული მ.ლ., 1983 წელს დაბადებული მ.ტ. და 1991 წელს დაბადებული ლ.რ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა.
დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედებათ ბრალად, რაც გულისხმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ლიონში ჩატარებულ სპეც.ოპერაციას წინ უძღოდა საფრანგეთის ჟანდარმერიის, ბელგიის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები საფრანგეთში, ბელგიასა და საქართველოში. ასევე, განხორციელდა სამართალდამცველთა სამმხრივი შეხვედრები თბილისსა და პარიზში.
დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხოლო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული.