შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ზ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.