შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულების დროულად და ეფექტიანად გამოძიების მიზნით, მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, უწყება ყველა გამოვლენილ დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.
მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ თბილისში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობები გაიხსნა. სამართალდამცველებმა აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია 1 პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გახსნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიც, რომელიც თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. ბრალდებული მიმდინარე წლის 14 თებერვალს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაცნობებთ, რომ გახსნილია ასევე გახმაურებული, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტიც.
დაკავებულია 2 პირი, მათ შორის ერთი - წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე სულ დაკავებულია - 7 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქმის ყოველდღე იღებენ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და აქტიურად ებრძვიან ნარკოდანაშაულს.
სამართალდამცველებმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ირანის 3 მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯამში, დაახლოებით, კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
კერძოდ: 1 კილო და 300 გრამი ჰეროინი, 150 აბი „ბუპრენორფინი“, 17 გრამი „მეტამფეტამინი“ და სხვ.
ნარკოდანაშაულისთვის 12 პირია დაკავებული, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი. ბრალდებულთა შორის საქართველოს - 6, ირანის - 5 და ავსტრიის - 1 მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობას და უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სულ 9 პირია დაკავებული, მათ შორის, თურქეთის 1 მოქალაქე.
სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში „ბრაუნინგის“ და კალაშნიკოვის სისტემების 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 320 საბრძოლო ვაზნა და მჭიდები ამოიღეს.
გარდა ამისა, ახმეტაში, გურჯაანში, ზუგდიდში, სიღნაღისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა პოლიციაში ნებაყოფლობით წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ: „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 პისტოლეტი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 3 მჭიდი და 272 საბრძოლო ვაზნა. აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეფექტიანად იმუშავეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებითაც.
აჭარასა და შიდა ქართლში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტია გახსნილი. მათ შორის, ქურდობაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი.
ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან. შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთსა და შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.
აჭარაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, დაკავებულია 2 პირი. მათ შორის, 1 პირი გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო მეორე წარსულში ნასამართლევია. ორივე პირის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
ბრალდებულები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არასრულწლოვნებს მოტყუებით ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და შემდეგ ყიდდნენ. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გახსნეს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტიც. ქარელში დაკავებულია 1 პირი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა ქალაქ ქარელში მეზობელ ქალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი ქარელში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით არის მტკიცე და ურყევი - უწყება დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას კვლავ აქტიურად განაგრძობს.“