შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.