შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ყოფილი სიძე - 1991 წელს დაბადებული ნ.დ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.