შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 18 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ბათუმში არსებულ დისკო-კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეულ მომსახურებასა და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე.
გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებათა მოპოვების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, მათ შორის, ფარული ვიდეო-აუდიო გადაღებები.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1986 წელს დაბადებული ჯ.თ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.მ., ჯ.თ. და ა.შ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.