შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი - 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა - გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.