შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემაზე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეხვედრაზე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით 2018 წელს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმად, 2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოიკვეთა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს.
ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სიძულვილის მოტივის ნიშნით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს აღნიშნული მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 53 პირი დააკავა. კერძოდ, სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა 39 პირი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით - 10 პირი, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი - 4 პირი. დაკავებულ პირთა უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობის ჩადენაში.
2018 წლის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გაიზარდა გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა. იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია და დაიწყო ამ მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ასეთი კატეგორიის დანაშაულების გამოძიების ხარისხს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს და მოწოდებულია, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლები.