შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 1986 წელს დაბადებული ა. ბ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დ.ო.-სა და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დ.ო., მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა.ბ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.