შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი უწყებათშორის სწავლებაში - „დიდგორი 2021" მონაწილეობს, რომელიც საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება.
სწავლება „დიდგორი“ წელს განსაკუთრებით მასშტაბურია, რადგან, საშტაბო ნაწილის გარდა, გათვალისწინებულია საველე კომპონენტებიც. ასევე, წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომლებიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს, სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.
უწყებათშორისი სწავლების დასაწყისში საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და კინოლოგიის სამმართველოს წარმომადგენლებმა გაათამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.
სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.