დღეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიით - „მეტი სიცოცხლისათვის“ შეუერთდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა აქტივობასა და საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს.
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი და ადამიანის უსაფრთხო/კანონმორჩილი ქცევა, სამედიცინო დახმარება, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მიმდინარე და სამომავლო გეგმები, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა და შედეგის მისაღებად რა მხარდაჭერა/რესურსია საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა დროსაც დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 9,047. მართალია, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 11%-ით, მაგრამ 6%-ით იმატა ავტოავარიების რაოდენობამ და 7%-ით დაშავებულთა რიცხვმა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, წინა წელთან შედარებით, სამივე მაჩვენებელი გაზრდილია: საგზაო შემთხვევები - 7%-ით, დაშავებულები - 7%-ით, დაღუპულები - 4%-ით.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აწარმოებს სოციალურ კამპანიას - "მეტი სიცოცხლისთვის", რომლის მთავარი მიზანია პრობლემის სიმწვავის საზოგადოებამდე მიტანა, მოქალაქეებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამაღლება და სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით ჩატარებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების კომუნიკაცია.