6 ივნისს, პირველად თბილისში, მძღოლთა ტესტირების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Cieca-ს კონგრესი გაიხსნა. წელს 51-ე კონგრესს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მასპინძლობს.
ღონისძიება კონგრესის გენერალური ასამბლეის წევრთა ფორუმით გაიხსნა. მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი იმსჯელებს თემაზე - "თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“.
Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს აერთიანებს.
საქართველო 2014 წლიდან Cieca-ს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საგზაო უსაფრთხოების თემა და ამ გამოწვევასთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. უწყებამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო სოციალური კამპანია "#მეტისიცოცხლისთვის“. 2019 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს, მათ შორის გზებზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერების დამატებას (2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება), ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების გაზრდას, ავტომობილის ნომრის ამომცნობი ინოვაციური მობილური სისტემების დანერგვას და საკანონდებლო ცვლილებებს, რაც გარკვეულ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.