შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ლაგოდეხში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეოთხე სექტორ „ახალსოფელი“-ს, მესამე სექტორ „მსხალგორი“-ს და პირველ სექტორ „ცოდნის კარი“-ს შენობები საზეიმოდ გახსნეს. გახსნის ცერემონიას უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
აღნიშნული სექტორებიდან „მსხალგორი“ და „ახალსოფელი“ საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე, ხოლო სექტორი „ცოდნის კარი“ საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისათვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის.
სასაზღვრო სექტორის ახალი შენობები სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ინფრასტრუქტურა უახლესი ტექნოლოგიებით მოეწყო და აღჭურვილია სხვადასხვა სახის თანამედროვე აპარატურით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს სამი სექტორი „ახკერპი“, „ბურდაზორი“ და „ვახტანგისი“ გახსნა.
საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.
2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 3 ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში პრიორიტეტად დაისახა საზღვრის განვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იყო საზღვარი, როცა ჩვენ ჩავიბარეთ. ნახეთ თქვენი თვალით თუ სად ცხოვრობდნენ ჩვენი მესაზღვრეები და რა პირობებში უხდებოდათ მათ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გაკეთდა 4 საზღვარი, 7 საზღვარი უკვე გაიხსნა, სექტორი გაიხსნა უკვე 7 და კიდევ იგეგმება 3 სექტორის გახსნა. ახლო მომავალში, დაახლოებით ორ კვირაში, 2 კიდევ გაიხსნება და წლის ბოლომდე ერთი, სულ მთლიანობაში 10 სექტორი იქნება ახალი გახსნილი.
ორ ეტაპად მოხდა სახელფასო ცვლილება, დანამატები, ეს არ იყო ათი და ოცი ლარი. აქ ას, ორას და სამას ლარზე არის საუბარი. ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ მესაზღვრეებს რატომღაც და ამაზე ალბათ მე ვერ გაგცემთ პასუხს, მე თვითონაც მაინტერესებს, რატომ ჰქონდათ ყველაზე დაბალი ხელფასები ჩვენს მესაზღვრეებს. არამარტო ხელფასები და ინფრასტრუქტურა განვითარდა, ტრანსპორტი შეიცვალა, ბევრი კვადროციკლი დაემატა და მომავალში ვგეგმავთ ჩვენ კიდევ კამერების, როგორც ღამის ხედვის, ასევე სითბური კამერებით აღჭურვას ჩვენი საზღვრის, რათა ნაკლები ფიზიკური დატვირთვით მიიღონ მეტი ეფექტი, მეტი შედეგი მიიღონ“.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა განაცხადა: "თქვენ დღეს საშუალება გაქვთ, დაესწროთ სამი ახალი სასაზღვრო სექტორის გახსნას. აღნიშნული სასაზღვრო სექტორები არის ევროსტანდარტების მქონე. თქვენ ნახეთ, რა პირობებში ცხოვრობდნენ ჩვენი მესაზღვრეები, ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ, რათა მათ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში შევძელით ის, რომ გავხსენით ათი - ორი დასრულების პროცესშია და გაიხსნება ათი ახალი სასაზღვრო სექტორი. ასევე, ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. მომავალ წელსაც ვფიქრობთ, რომ 2016 წლისათვის სრულად დასრულდება საზღვრის მოდერნიზაცია და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იქნება დაცული ისე, როგორც ეს არის განვითარებულ, ძლიერ ქვეყნებში.
მოხდა ასევე ტექნიკური აღჭურვილობის შეცვლა, ჩვენს მესაზღვრეებს დღეს აქვთ რადიოტექნიკური საშუალებები - ნატო-ს სტანდარტების მქონე. ასევე არის იმის და მიხედვით, როგორ გვაძლევს საშუალებას რელიეფი აღნიშნულ სექტორზე, ძალიან აქტიურად არის გამოყენებული ამერიკული „პოლარისი“-ს ტიპის კვადროციკლები.
იყო ასეთი ფაქტები, გამოვლენილი იყო მესაზღვრეებისა და კრიმინალურ პოლიციასთან ერთობლივად, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტები. ახლა უკვე იკლო, იმიტომ, რომ მესაზღვრეები ძალიან ეფექტურად მუშაობენ. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და როდესაც კრიმინალები ხედავენ ამას, უკვე აღარ რისკავენ, რომ შემოვიდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალური გზით.
ჩვენს სექტორებზე ძირითადად არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმებული. მოგეხსენებათ, ადგილობრივებმა უკეთ იციან ის საცალფეხო ბილიკებიც კი, საიდანაც შეიძლება შემოვიდნენ არალეგალურად ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ უფრო მეტად იყვნენ ადგილობრივები დასაქმებული, რათა უფრო ეფექტურად შეასრულონ თავის სამსახურებრივი მოვალეობა."