შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა სრულიად საქართველოსთვის, 29 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბრიდან. მე ძალიან კარგად მახსოვს, 17 წლის ვიყავი მაშინ, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო სრულიად საქართველოსთვის. ქედს ვიხრი გმირების, ამ ადამიანების წინაშე, რომელთა გვარებიც ამ კედელზე ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, ნამდვილად გმირები არიან ისინი. აქ ჩემი მეგობრებიც არიან, ნათესავებიც არიან და ყველას დიდი მადლობა რომ იცავდნენ ჩვენს სამშობლოს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.
წელს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოხუმისთვის ბრძოლა 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა.