შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
"მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, გამოვხატო მადლიერება პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, თითოეული პოლიციელის მიმართ, იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად.
ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ, რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ჩვენი მთავრობის ხედვას, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმას, ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.
ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, თუ როგორ განავითაროს მისდამი დაქვემდებარებული უწყება. ძალიან ბევრი პროექტი არის დაგეგმილი, რომლებიც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას, პოლიციელებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების შექმნას. ამ მიზნით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ პროექტების მხარდასაჭერად, ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებითი სახსრები იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი, პროგრამა იყოს დაფინანსებული.
კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა და მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზენტაციის წარდგენაზე ვრცლად ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის განვითარებისა და უწყების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
"რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს, როგორც რიგით პოლიციელს, ასევე, ყველა ხელმძღვანელ პირს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.
სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში:
- მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლისთვის დასრულდება საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნა;
- 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი, დედაქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება;
- დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს;
- უახლოეს ხანში საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში;
- 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა;
- ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით;
- 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი;
- პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია - 10-წლიან პერიოდში გაგრძელდება შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა;
- სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისთვის 60-ზე მეტი ახალი შენობა უკვე აშენდა. მომავალი ათი წლის განმავლობაში კვლავ დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება: პოლიციის 30 შენობა; სასაზღვრო პოლიციის 20 შენობა; საგანგებო სიტუაციების 90 პუნქტი; დროებითი მოთავსების 2 იზოლატორი; 1 საექსპერტო შენობა; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 ობიექტი; შსს-ს არქივის შენობა; მიგრაციის დეპარტამენტის 1 შენობა;
ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს პროექტების წარმატებით განხორციელებაში მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომას, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.