შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ანგარიში მოისმინა.
შეხვედრაზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტთან ერთად, ის სიახლეები წარმოადგინა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელდა.
რეფორმირების ფარგლებში, ზედამხედველობის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა 100%-ით გაიზარდა, განახლდა ავტოპარკი, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტრონული მომსახურების სერვისები. აღნიშნულმა ცვლილებებმა სამსახურს საშუალება მისცა, გაეზარდა პრევენციული სამუშაოების ეფექტურობა.
სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი პერმანენტულად მუშაობს სამსახურში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და აქტიურ გამოყენებაზე. შეიქმნა ინტერაქციული რუკა, რომელიც საშუალებას იძლევა, დისტანციურად განხორციელდეს შემთხვევების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. რუკაზე დატანილია სტრატეგიული ობიექტები, სახანძრო ჰიდრანტების განლაგება, წყლის რეზერვუარების ლოკაციები და ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ამარტივებს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს. ასევე, მოხდა საკომუნიკაციო საშუალებების განახლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა უპილოტო საფრენი აპარატებით მუშაობის დანერგვა, როგორც მონიტორინგის პროცესში, ასევე, სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში. გარდა ამისა, დეპარტამენტმა შეიმუშავა სტატისტიკის აღრიცხვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტი ინფორმაციის აკუმულირებას, რაც საშუალებას იძლევა, ანალიზის საფუძველზე დაიგეგმოს და განხორციელდეს ოპერაციები.
პრეზენტაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დადებითად შეაფასა სამსახურში განხორციელებული რეფორმები და მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს - თემურ მღებრიშვილს და ამავე სამსახურის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი როინ ვარშანიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა ქემერტელიძე და მისი მოადგილე ნანა ტაბაღუა.