შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები და მოქალაქეები დააჯილდოვა. მინისტრმა გამარჯვებულებს მადლობის სიგელები, შსს-სგან და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა და გამარჯვება მიულოცა.
გამარჯვებული ჟურნალისტები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი გახდა; საუკეთესო სტატიის ავტორად ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა; საუკეთესო რადიოსიუჟეტისთვის პრიზი „რადიო პალიტრა“-ს ჟურნალისტ ხათუნა გაგნიძეს გადაეცა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისთვის სპეციალური პრიზი ტელეკომპანია „იმედი“-ს თოქ-შოუ „რეაქციის“ წამყვან ინგა გრიგოლიას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პირველი სტუდიის“ წამყვან ეკა მიშველაძეს და ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „სამოთხის ვაშლები“-ს წამყვან ნინო ზაუტაშვილს გადაეცათ. კონკურსის ჟიურის რჩეულები გახდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ორი ჯგუფი კონკურსისთვის შექმნილი ვიდეორგოლებისთვის: „ნუ შენიღბავ ძალადობას!“ და „სოლიდარობა დაგვიცავს ჩვენ!“.
ჟურნალისტური ნამუშევრები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე.
მინისტრმა ასევე დააჯილდოვა კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები, რომლებიც „ფეისბუკზე“ ხმების რაოდენობით გამოვლინდნენ. საუკეთესო ფოტოს ავტორი ალეკო აბალაკი გახდა, საუკეთესო დიზაინის ავტორად ანა მაჭარაშვილი დასახელდა, საუკეთესო სლოგანის ავტორი კი ანა ყვავაძე გახდა. კონკურსის ჟიურის სიმპათია დაიმსახურეს სლოგანის ავტორმა თამარ ტვილდიანმა და ფოტოს ავტორმა თინათინ მახათაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო.