ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ხელოვნების სასახლეში გამოფენილ დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს გაეცნო. ისტორიული დოკუმენტი საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმში პირველად გამოიფინა.
კოლექციაში, ასევე, წარმოდგენილი იყო დემოკრატიული საქართველოს გვარდიის ცხენოსანთა პოლკის სამხრეები, ვერცხლითა და ოქროთი დამშვენებული მემორიალური იარაღი, ცნობილი ქართველების მიერ სამხედრო და შინაგან ჯარებში სამსახურის დროს მიღებული წარჩინების ნიშნები, სამხედრო ჩოხა ვერცხლის ქამრით და სხვა უნიკალური ექსპონატები.
გიორგი გახარიას მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური საარქივო დოკუმენტები და სამუზეუმო ექსპონატები გააცნო, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს შინაგანი და სამხედრო ძალების ისტორიას უკავშირდება.
ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია, ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ესაუბრა, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებით, ამ უნიკალური ძეგლის პირვანდელი იერსახის აღსადგენად მიმდინარეობს.