შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მისმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები − საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახალხო დამცველი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა: "შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ლოგიკურად ჯდება იმ რეფორმებსა და იმ გეგმებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს სამინისტროსთან მიმართებაში. ჩვენ ვერ ვხედავთ რისკს იმ ფასეულობებთან მიმართებაში, რომელთა დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაპირებთ.
ამ ბოლო თვეების განმავლობაში, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნებოდა ძალზედ მოსახერხებელი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესძლებოდა მეტად ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ მყარი ობიექტურობის შეგრძნება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ.
კონსტიტუციონალური და სტრუქტურული დამოუკიდებლობა მსგავსი ინსტიტუტის არის აბსოლუტურად მისაღები და ვთვლით, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რომ მსგავსმა ინსტიტუტმა ხელი შეუწყოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა პროცესების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებასთან მაღალი ნდობის მოპოვებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივესალმებით მსგავსი მექანიზმის შექმნას და ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ თანამშრომლობის მზადყოფნას".
თეა წულუკიანის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა მინისტრის მზაობას, პრაქტიკაში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.
"შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის შემდეგ, პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავიდა და ჩვენ უფრო ადვილად შევძელით ყველაზე მისაღებ და აპრობირებულ მოდელზე შეჯერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მზაობა და ნება არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში იყოს ეფექტიანი და კანონი არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე. მხოლოდ პროკურატურის მზაობა არ კმარა იმისთვის, რომ მოდელმა პრაქტიკაში თავის ფუნქცია შეასრულოს და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომლისთვისაც ეს პაკეტი არის წარმოდგენილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.