შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს, ლინას პარნავასს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბესიკ ამირანაშვილმა და ლინას პარნავასმა საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო სტრუქტურებს შორის ორმხრივი, წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ბესიკ ამირანაშვილმა ლინას პარნავასს შსს-ს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა და მის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.
ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.