შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
ცენტრის გახსნის შემდეგ, კონფერენცია და პანელ-დისკუსიები გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. შესაბამისად, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მონაწილეობით ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განხორციელდეს მათზე მორგებულ გარემოში.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში დოქტორმა - ღასან ხალილმა, ესტონეთის ელჩმა საქართველოში - რიინა კალიურანდმა, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - დავით სერგეენკომ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა - მერი მაღლაფერიძემ და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე შექმნილი სპეციალური სივრცეა, სადაც, ხორციელდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტის ჩართვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები, რომლებიც სპეციალიზებული არიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ასევე, სქესობრივი დანაშაულების გამოძიების კუთხით, არასრულწლოვნის მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ აღნიშნულ ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით.